ახალი ამბები
ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან ხმაურია (ფოტო)
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ და პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც დაკავებულის მშობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, მათი შვილი უკანონოდ არის დაჭერილი და მის გამოშვებას ითხოვენ.

"ჩემი შვილი, რომელიც თვითონ იყო დაჭრილი და დაზარალებული, დააკავა პოლიციამ, თითქოსდა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის. ორივე შვილი ბორკილებით გაიყვანეს სახლიდან, როცა მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით. ბესიკი დაჭრეს მას შემდეგ, რაც მის ძმასთან ერთად შეხვედრაზე სვანიძემ დაიბარა და მას გამოძიება არაფერს ედავება. ვითხოვთ პოლიციის მაღალჩინოსნებისგან პასუხს. ეუბნებიან, იცი, ვინ გესროლაო, მაგრამ სიბნელე იყო და ვერც ერთმა ვერ დაინახა",- უთხრა ჟურნალისტებს დგებუაძეების დედამ მანანა მითაგვარიამ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზი ზაზა სვანიძესა და დგებუაძეებს შორის ბიზნესდავა გახდა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დაკავებულების ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ძმებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. მისი თქმით, დგებუაძეები უკანონოდ დააკავეს და მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.

"აღნიშნულ საქმეზე, თითქოს, დაზარალებული ჯიქია თავად არის დაკავებული სხვა საქმეზე. ასევე, გამოძიება ამბობს, რომ დგებუაძის დაჭრაშიც ჯიქიაა დამნაშავე, თუმცა ის ამ ბრალდებით დაკავებული არაა",- თქვა ყურაშვილმა.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა

Print