რეგიონი
ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა “ოდა სამკითხველო“ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ბულვარში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ სკვერის ბიბლიოთეკა სიმბოლურად, დედაენის დღეს გახსნა. ცენტრალურ ბულვარში მოწყობილ „ბიბლიოთეკას“ მეგრული ოდის ფორმა აქვს. აქ სხვადასხვა ჟანრისა და ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო წიგნებია მოთავსებული.

„დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან დიდი ხანია დაგეგმილი გვაქვს და ზუგდიდში გავხსენით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი „სკვერის ბიბლიოთეკა“ „ოდა სამკითხველო“ , რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან აქტიური და ყველა ზუგდიდელისთვის ერთ-ერთი საყვარელი სივრცე. მით უმეტეს, მოდის ზაფხული, მზიანი დღეები, სკვერია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ხშირად ესტუმროს ამ კუთხეს“, - აღნიშნა კეკელიძემ.

„ოდა ბიბლიოთეკით“ სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათ წიგნები წაკითხვის შემდეგ ადგილზე უნდა დააბრუნონ და ასევე, შეუძლიათ თავადაც შემატონ ამ სივრცეს წიგნები.

„წავიკითხავ და მოვიტან კიდეც წიგნებს, რომ ეს ბიბლიოთეკა აივსოს და სხვა ბავშვებმაც ჩვენი წიგნები წაიკითხონ, რადგან ამით უფრო მეტ ცოდნას შეიძენენ“, - გვითხრა 9 წლის საბა ტაბიძემ.

ბიბლიოთეკის გახსნას მერიის წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღსაზრდელები და სხვა ზუგდიდელები დაესწრნენ. მოქალაქეები მსგავს ინიციატივებს მიესალმებიან და აპირებენ, სკვერის ბიბლიოთეკით აქტიურად ისარგებლონ.

„სკვერის ბიბლიოთეკები“ მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით ხორციელდება.

გასული წლის ზაფხულში ასეთივე სივრცე ორსანტიის საჯარო სკოლაში მოეწყო.
Print