პოლიტიკა
რატომ გადაწყვიტა ზუგდიდის მერის არჩევნებში კენჭისყრა მარტვილელმა პაატა პირტახიამ
მარტვილელი პაატა პირტახია ზუგდიდის მერობის პირველი კანდიდატია, რომელიც პარტიის სახელით დარეგისტრირდა. ის „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზას“ წარმოადგენს. პირტახიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მისი კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო. მისივე თქმით, ზუგდიდის პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს.

„ყველაფერი გაჩერებულია, ხალხი საცოდავ მდგომარეობაშია და ამ სიტუაციის გამო გადავწყვიტე. ჩვენ დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა. რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ზუგდიდი ჩვენი, ასე ვთქვათ, სამეზობლო დედაქალაქივითაა და ჩემს კუთხეს, როგორც შემიძლია, ყველანაირად გვერდში დავუდგები. ფაქტია, რომ ცვლილება აუცილებელია და მე ვიქნები იმის გვერდითაც, ვინც კარგს გააკეთებს ჩვენი რეგიონისთვის“, - გვითხრა პირტახიამ.

კანდიდატი ამბობს, რომ ზუგდიდში რამდენჯერმე იმყოფებოდა და სოფლებში ადგილობრივებსაც შეხვდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის პარტიას შესაბამისი ფინანსები არ აქვს. ის განმარტავს, რომ ამის მიუხედავად, ცდილობს მათთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს და მათ საჭიროებებს გაეცნოს.

პაატა პირტახია, რომელიც ამ ეტაპზე პარტიული საქმიანობითაა დაკავებული, მარტვილის საკრებულოს წევრიც იყო, უფრო ადრე კი საქართველოს ფოსტაში მუშაობდა.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირეს, რომელთაგან სამი დამოუკიდებელი კანდიდატია, ერთი კი პარტიული.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.






Print