ახალი ამბები
გამწვანებისა და დასუფთავების აქცია ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების მონაწილეობით (ფოტო)
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომის" ორგანიზებით ზუგდიდში გამწვანების და დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში მონაწილეობა პრობაციონერებთან და ყოფილ პატიმრებთან ერთად, სამთავრობო სტრუქტურების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ღონისძიების მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ შადრევანთან და ბულვარში, ასევე ბაზრის მიმდებარედ, დეკორატიული მცენარეები დარგეს, მოგვიანებით კი ჭითაწყარში, ქალაქის N1 სასაფლაოს ტერიტორია დაასუფთავეს.

"აქციის მიზანია, ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციის გაუმჯობესებას და აქედან გამომდინარე, მეორადი დანაშაულის პრევენციას", - თქვა ორგანიზაცია "თანადგომის" წარმომადგენელმა და პროგრამის რეგიონალურმა კოორდინატორმა ნანა ჯიბლაძემ.

აქცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის" ეგიდით წამოწყებული კამპანიის, "ევროკავშირის მხარდაჭერით ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა - ხელი შევუწყოთ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნებას!" ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიზანია მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა. პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" (საქართველო) და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mainline Foundation” (ნიდერლანდები) ერთად, თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში ხორციელდება.

„Mainline Foundation”
Print