ახალი ამბები
კორცხელში ორი წლის წინ მოჭრილი ხის მორები ლპება (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორ წელიწადზე მეტია, მოჭრილი ხის მორები და სხვადასხვა ნაწილი გდია და ლპება. ადგილობრივების ინფორმაციით, აქ ქვეწარმავლები არაერთხელ შეუნიშნავთ და ტერიტორიის სიახლოვეს გადაადგილება საფრთხის შემცველია.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ელექტროსადენების გაყვანის მიზნით ხეები მოჭრეს და აქ დაყარეს. არ ვიცით, რატომ, მაგრამ ორი წელია, აქ გდია, შეშად გამოყენება გვინდოდა სკოლისთვის, მაგრამ უარი გვითხრეს. ქვეწარმავლებია გამრავლებული და ბავშვებს გამოსვლის ეშინიათ“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა ნონა ნაჭყებიამ.

პრობლემით შეწუხებულმა სკოლის სამოქალაქო კლუბის „ედელაისის“ წევრებმა დირექციას სთხოვეს, რომ მერიასთან ეშუამდგომლათ, რის შემდეგაც მათ უწყებას წერილი გაუგზავნეს.

„ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ეს პრობლემა მიგვეწვდინა შესაბამისი ორგანოებისთვის. გვერდით არის საცხოვრებელი სახლი, წინ - სტადიონი, სადაც სოფლის ბავშვები მთელი ზაფხული თამაშობენ ხოლმე. გვეშინია, რომ მავნე მწერები და ქვეწარმავლები გავრცელდება. რამდენიმე იპოვეს კიდეც და მოკლეს“, - ამბობს კლუბის ლიდერი ანა კვარაცხელია.

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ მათ წერილი ჯერ არ მიუღიათ და როგორც კი პრობლემას გაეცნობიან, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

„ედელაიასი“ სამოქალაქო კლუბია, რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში შეიქმნა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.


Print