ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO-ის დირექტორის პოსტზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აქტიურად მუშაობა 15 აპრილს დაიწყო, თუმცა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი კვლავ თავისუფალია. ამის შესახებ რადიო “ათინათს“ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე შერჩეულია DMO-ის ოთხი თანამშრომელი.

„ვერ შეირჩა ისეთი კადრი, როგორიც გვინდოდა. ვინც მოგვეწონა ამ პოსტისთვის, მასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ხელახალ კონკურსს გამოვაცხადებთ და ვეცდებით, უფრო მასშტაბური იყოს, რათა მეტი ადამიანი გამოგვეხმაუროს და მეტი კადრი გამოგვიჩნდეს. მანამდე DMO-ის ხელმძღვანელის მოვალეობას ალექსანდრე დოლბაია შეასრულებს, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერია, ედუარდ ფარცვანია - პროექტების მენეჯერის, ედიშერ ბაღათურია - მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, თეა საჯაია კი ბუღალტერის პოზიციას იკავებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 11 დეკემბერს რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააფუძნა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.


ამავე თემაზე:

ტურიზმის კუთხით სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი ააიპ ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს
Print