ახალი ამბები
სასამართლო ენმ-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით ირაკლი ფაცაციას არ დაკითხავს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში, შესვენების შემდეგ დაიწყება. მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ ორივე პროცესის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ანი წითლიძის პროცესი მიმდინარეობდა, სადაც მან და მისმა ადვოკატმა მოწმის სახით ზუგდიდის პოლიციის უფროსის ირაკლი ფაცაციას დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის საკითხი დააყენეს. როგორ წითლიძემ სხდომაზე განაცხადა, ფაცაცია მის დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა.

"ირაკლი ფაცაციამ თავის სამუშაო კაბინეტში მითხრა, რომ ის მოქმედებდა არა მისი ნებით, არამედ მინისტრ გახარიას დავალებით და პოლიციელები მისი ნების საწინააღმდეგოდ, უთვალთვალებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს", - თქვა მან.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ირაკლი აბშილავას თქმით, საქმეში მხოლოდ ერთი გამოკითხვის ოქმი არსებობს, რომელიც ინდირა ხვიჩავამ ჩაატარა და მასში ფაცაციას მონაწილეობა არ იკვეთება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი და საკრებულოს წევრი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსთან გიორგი პატარაიასთან ერთად 11 აპრილს, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორივე მათგანმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის მეორე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ბრალდებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტი ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ.

ამავე თემაზე: 

ენმ: ზუგდიდში ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს

ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს



Print