ახალი ამბები
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ენმ-ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გიორგი ჯანაშია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. ფეიქ გვერდების მეშვეობით, მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ჯანაშია ამბობს, რომ ის მსგავს ყალბ გვერდებზე პედოფილად მოიხსენიეს. მმართველი პარტიის მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ ოპოზიციური პარტია დგას. გარდა ამისა, ამბობს, რომ ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე შემიძლია წარმოგიდგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ არ ვარ ნასამართლევი. "ნაციონალურ მოძრაობას" ეტყობა, გაუღრმავდა კრიზისი და ისინი მიმართავენ ბინძურ მეთოდებს. ფეიქ გვერდებით ახდენენ ჩემს დისკრიმინაციას. მე არასდროს არ ვყოფილვარ მერიის მაღალჩინოსანი, 2014-დან 2017 წლამდე ვმუშაობდი საკრებულოში. მივმართავ სამართალდამცავებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი. კონკრეტულად, ესეთი გვერდია, სახელწოდებით „ქოცების დასაცინი სააგენტო“ და იქ წერენ, რომ მე თითქოს, ვყოფილვარ პედოფილი, ნასამართლევი, მათ შორის, პედოფილიის ბრალდებით და მოარიდეთ ბავშვებიო“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

თავის მხრივ, ენმ-ში ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლაა.

„მივმართავ იმ ადამიანებს „ქართული ოცნების“ შტაბში, ვინც გეგმავს ამ ყველაფერს, რომ, რაც არ უნდა ეცადონ, ისინი საარჩევნო კამპანიას ვერ შეუშლიან ხელს. მით უმეტეს, ვერ შეძლებენ ამ საარჩევნო კამპანიიდან მოახდინონ ჩემი განეიტრალება. 19 მაისს ზუგდიდელები აირჩევენ მერს და ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი“, - ამბობს ანა წითლიძე.

გიორგი ჯანაშია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების შეტანას პროკურატურაშიც გეგმავს.




Print