ახალი ამბები
სასამართლომ ენმ-ის აქტივისტს 1500 ლარის გადახდა დააკისრა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია სამართალდამრღვევად პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით ცნო და მას 1500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩხეტია აღნიშნული მუხლით სამართალდამრღვევი არ არის.

თავად მანუჩარ ჩხეტია მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და თავს დამნაშავედ არცერთი მუხლით არ მიიჩნევს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წითლიძემ და პატარაიამ, იმავე დღეს დატოვეს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გუშინ, 18 აპრილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორივე 166-ე და 173-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და 2000-2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა.
Print