ახალი ამბები
უმრავლესობის წევრის განმარტება - უმადურებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვიგულისხმე
ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პროკოპენკო ამბობს, რომ მას უმადურ ხალხში ზუგდიდის მოსახლეობა არ უგულისხმია. უმრავლესობის დეპუტატის მტკიცებით, მან ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები იგულისხმა, რომლებიც, მისივე თქმით, მუდმივად უკმაყოფილოები არიან.

„საფინანსო სამსახურის უფროსმა ბატონმა მურთაზ ბოკუჩავამ თქვა, რომ 62 ათას 500 ადამიანს შეეხო ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ზუგდიდში გაკეთდა. ამ დროს გავიხედე ბათლომე შელიასკენ და ვთქვი, რომ ხალხი მაინც უკმაყოფილოა და აქ ვიგულისხმე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან შავ ფერებში ხედავენ ყველაფერს, რაც ჩვენ ქალაქში კეთდება. მე არ მიგულისხმია არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის მოსახლეობა, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რა კეთდება და რა არ კეთდება . მე პირდაპირ ვიგულისხმე ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყოველთვის გვეყოლება, ესე იგი ოპოზიციურად არიან განწყობილნი ყველაფრის მიმართ, რაც კი კარგი კეთდება თუ ცუდი“, - უთხრა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკოპენკომ.

მისი რეპლიკა სხდომაზევე გააპროტესტა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ბათლომე შელიამ. ის თვლის, რომ მსგავსი მიდგომა ხელისუფლების „ნარცისიზმის“ მაჩვენებელია. შელია თვლის, რომ ეს მხოლოდ პროკოპენკოს პრობლემა კი არა, მთელი „ქართული ოცნების“ პრობლემაა.

"რა თქმა უნდა, ცუდი მესიჯია და ეს მარტო ზაზას პრობლემა კი არ არის. სამწუხაროდ, მთელი ხელისუფლება ფიქრობს მართლა, რომ ძალიან კარგები არიან და ესეთი სახელისუფლებო ნარცისიზმი სჭირთ. თვლიან, რომ ისინი კარგები არიან, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ და მხოლოდ „რუსთავი 2“ და სერიალები აშავებენ ამას. ბიძინა ივანიშვილი - მათი ლიდერიც ასე თვლის და ავტომატურ რეჟიმში მთელი ხელისუფლება ფიქრობს, რომ მართლა კარგები არიან და ხალხია დაუნახავი“, - აღნიშნა შელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატისა და ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისთვის ბევრს აკეთებს და ხალხი მაინც უმადურია. ამის შესახებ მან საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების მოსმენისას თქვა.

Print