ახალი ამბები
ზუგდიდში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიმართა
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ანიმაციიური ფილმების ფესტივალი „თოფუზი 2019“ გაიმართა. გასართობ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებაზე მოეწყო ვორქშოპი, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები გაეცნენ ანიმაციის წარმოების პროცესს. გარდა ამისა, პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფესტივალი ზუგდიდში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ფესტივალი „თოფუზი“   საქართველოს მასშტაბით უკვე 11 წელია მიმდინარეობს. ზუგდიდში ძალიან დიდი ხანია არ ჩაგვიტარებია. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ზუგდიდელ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, შესაძლებლობა აქვთ ჩვენს ფესტივალს დაესწრონ. დღეს ჩვენ გვქონდა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ჩვენება. როგორც ქართულის, ასევე უცხოურის. ასევე, ვაჩვენეთ ორი მოკლემეტრაჟიანი კლიპი, რომელიც აქ, ზუგდიდში დამზადდა. ამ ორ კლიპს ასევე წარვადგენთ ბათუმის მთავარ ფესტივალ თოფუზზე, ბავშვების მიერ შექმნილ კატეგორიაში“,- აღნიშნა ანიმატორმა არჩილ კუხიანიძემ.

ღონისძიება „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Print