ახალი ამბები
ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა დაიწყო
შს სამინისტროს განცხადებით, ბავშვები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფებიან, საქართველოში უკრაინის მოქალაქე ქალმა ჩამოიყვანა. უწყების ინფორმაციით, ბავშვები ამავე ქალის შვილები არიან.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან ამ ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - ნათქვამია შსს განცხადებაში.

რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვი წუხელ შემოიყვანეს. არსებული ინფორმაციით ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში უკრაინის მოქალაქე ქალთან ერთად ცხოვრობდნენ.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის საავადმყოფოში 10 ბავშვი მოწამლვის ნიშნებით მოათავსეს

Print