ახალი ამბები
მეზობლები ზუგდიდში მოწამლულ ბავშვებზე: ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, სასწრაფოში ჩვენ დავრეკეთ
მეზობლები, რომლებიც ზუგდიდში, პეტერბურგის ქუჩაზე არსებულ კორპუსში ცხოვრობენ, სადაც 10 არასრულწლოვანი ბავშვი მოიწამლა, ამბობენ, რომ სასწრაფოს მათ გამოუძახეს. მათივე ინფორმაციით, ბავშვები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.

„ბავშვები ცუდად იყვნენ, აღებინებდნენ, ჩემი ბავშვების ტანსაცმელი ავიტანე და ჩავაცვი, სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან. ეს ქალი არ ვიცით ვინაა, უკრაინიდან ვარო ამბობს. ბინა დავიქირავეთ, გუშინ მოიყვანა პატრონმა. ბავშვები კიოდნენ და მაგიტომ ავედით. ქალი ამბობს, რომ ნახევარი ჩემიაო, ნახევარი ჩემი ქმრისო, მერე თქვა ყველა ჩემიაო“,- ამბობს მეზობელი.

შს სამინისტროს განცხადებით, ბავშვები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფებიან, საქართველოში უკრაინის მოქალაქე ქალმა ჩამოიყვანა. 

რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვი წუხელ შემოიყვანეს.


Print