ახალი ამბები
მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალი: ჩემი შვილები არიან
10 მცირეწლოვანის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და საქართველოს გავლით მეუღლესთან სხვა ქვეყანაში აპირებს ჩასვლას. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, ბავშვების ქუთაისის კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. ქალი ამბობს, რომ ის უკრაინიდან ჩამოვიდა.

„ტრანზიტით ჩემს შვილებთან ერთად მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან. პოლიციასთან დავაფიქსირე იმ ბავშვების სია, რომელთან ერთადაც კლინიკაში შემოვედი“, - განაცხადა მან.

მოწამლული ბავშვები ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“ მოათავსეს. ექიმის ინფორმაციით,  მათი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

„კატასტროფის ჯგუფმა ზუგდიდიდან 7 ბავშვი შემოიყვანა. დაფიქსირდა კვებითი ინტოქსიკაცია. ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ ბავშვებმა სოსისი მიიღეს და ყველა მათგანს ერთნაირი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - თქვა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფება ბავშვების დედაც. კლინიკაში კიდევ 2 ბავშვს ელოდებიან. ბავშვები თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. მათ შორის უმცროსი შვიდი თვის გოგონა.

შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან  ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. უწყებამ სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი) დაიწყო.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მეზობლები ზუგდიდში მოწამლულ ბავშვებზე: ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, სასწრაფოში ჩვენ დავრეკეთ

ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა დაიწყო



Print