ახალი ამბები
მიხეილ ქირია ზუგდიდში რესტორნის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობის უკან რესტორან "რეტროს" ნაწილი დაიწვა. შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რესტორანი აქ წლების წინ ფუნქციონირებდა.

მომხდარს ტერიტორიის ყოფილი მეპატრონის შვილი ცნობილი საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ ქირიას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს.

"ბზობას გილოცავთ მეგობრებო! მოკლედ დღევანდელ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობის უკან, მამაჩემის და მისი მეგობრების ხელით აშენებული რესტორანი, სადაც ელექტრო ენერგია არ იყო, რადგან 1-2 წლის წინ რამდენიმე ტონიანი ტრანსფორმატორი დაშალეს და მოიპარეს, ამ წუთებში იწვის! იჯარა არ გაგვიგრძელეს და ამოსყიდვის საშუალება არ მოგვცეს. შენობა და მიმდებარე ტერიტორია, რაც ჩვენ გავაკეთეთ ვანდალურად გაქურდეს. ჩემსას წვავენ და მე ქვეყნის სახელი გამაქვს მის ფარგლებს გარეთ. ამ წლის ბოლოდან, როგორც კი მოვაგვარებ ბიუროკრატიულ საკითხებს, გერმანიის სახელით წარვდგები უცხოური მსმენელის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ყველას, თქვენი მიშა",- წერს ქართველი ბარიტონი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო მანქანა. ცეცხლი ლოკალიზებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Print