ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: ე.წ ჭკვიანი კამერების დამონტაჟება ემსახურება ხალხის ძარცვას (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ, რამდენიმე მძღოლთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის შენობასთან  ე.წ “ჭკვიანი” ვიდეოკამერების დამონტაჟება გააპროტესტა. მისი თქმით, სოფელ ჭითაწყარიდან ხობამდე სიჩქარის მზომი სექციური  კამერები  არ არის საჭირო და ის მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას ემსახურება. ჯგუშია ამბობს, რომ ამგვარი შეზღუდვებით სამეგრელოს მოსახლეობის დამორჩილებას ცდილობენ.

„მოთხოვნები დგება პრობლემების კვალდაკვალ. მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს - როდესაც ხელისუფლება გიქმნის პრობლემას, გიზღუდავს თავისუფლებას უნდა ისწავლო მოთხოვნების დაყენება, სოლიდარობით და ერთიანობით. ამ მონაკვეთიდან 150 კილომეტრიან რადიუსზე, თბილისისკენ საშუალო სიჩქარე 60კვ/მ-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამის აუცილებლობა არ არსებობს. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ ბიუჯეტი შეავსონ. გაწამებულები არიან მძღოლები.  არსად ასე არ არის. სამეგრელოს უნდა გაუშრონ სისხლი, იმიტომ რომ სამეგრელო არის სენსიტიური რეგიონი. უნდათ, რომ  სამეგრელო სხვანაირად ჰყავდეთ დამორჩილებული და მუდამ დატუქსული“, - აღნიშნა ჯგუშიამ.

აქციაზე მყოფი მძღოლები ე.წ ჭკვიანი კამერების გაუქმების გარდა, ტექდათვალიერებისა და ავტომობილების დაზღვევის გადავადებას ითხოვენ.

„მოგვცენ საშუალება გლეხებს შავი პური ვჭამოთ. გადაგვივადონ ტექდათვალიერება და ავტომობილების დაზღვევა 2 ან 3 წლით. ჯერჯერობით ამის მოწესრიგების პირობები არ გვაქვს. ყველას გვინდა კარგი მანქანები გვყავდეს. გამოუშვა კანონი და უნდა დაემორჩილო, მაგრამ ჯერ ჩვენი მდგომარეობა შეისწავლონ. არ არის აუცილებელი იმ გზაზე კამერები, მე 30 წელის მძღოლი ვარ. დამრღვევი ყოველთვის დაარღვევს“, - ამბობს აქციის მონაწილე კობა მალანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამატებით სიჩქარის მზომი სექციური რადარები გასული წლის 10 დეკემბერს აამოქმედა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ჭკვიანი" კამერები კიდევ ორ ადგილას ამოქმედდა

Print