ახალი ამბები
ზუგდიდში მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება
ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, 4 მაისს, ზუგდიდში საქველმოქმედო აქციას გამართავს. რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ჯოლოხავამ უთხრა, რომ ღონისძიება აღდგომას დაუკავშირეს, რადგან ამ დროს უფრო მეტ ადამიანს სჭირდება დახმარება.

„ჩვენ ვართ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ სიკეთე გაგვეკეთებინა. იდეა დიდი ხანია გაჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით გაგვიღვივა იმ ამბავმა, რომ 15 წლის მოზარდმა თავი მოიკლა უსახსრობის გამო. გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი კეთილი ნება არის, იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი დაგვიდგება მხარში და ერთად გავუმკლავდებით პრობლემას. ყველას მოვუწოდებ 4 მაისს 2 საათზე შემოგვიერთდეს. მრავალშვილიან ოჯახებზე ვართ ფოკუსირებული, რადგან მათ ყველაზე ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ვაგროვებთ ვისაც რისი საშუალება ექნება - ტანსაცმელი, საკვები, საბავშვო სათამაშოები და ა.შ. თანხის შეგროვების შემთხვევაში, შევიძენთ საჭირო პროდუქტს ოჯახებისთვის. გააჩნია შემოწირულობას - შეგროვებული ნივთების მიხედვით გადავანაწილებთ ოჯახებზე. აქამდეც გვქონდა სურვილი მსგავსი აქციის გაკეთების, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, შიშის გრძნობა გვქონდა რა რეაქცია მოჰყვებოდა ხალხის მხრიდან, გაამართლებდა თუ არა ჩვენი წამოწყება, დაგვიდგებოდა თუ არა მოქალაქეები გვერდში და ამ შემთხვევაში გადავდგით ეს ნაბიჯი და იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - ამბობს ჯოლოხავა.

ღონისძიება ექვსმა ახალგაზრდამ დაგეგმა, თუმცა ჯგუფში მოხალისეებიც არიან ჩართული.


Print