პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: ენმ თავად არეგისტრირებს არაზუგდიდელებს არჩევნებისთვის (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავად აკეთებს იმას, რასაც მმართველ გუნდს აბრალებს. საუბარია საარჩევნოდ მოქალაქეების ზუგდიდში რეგისტრაციაზე, რათა მათ ხმის მიცემა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ შეძლონ. შტაბის წარმომადგენელმა ლაშა გვასალიამ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას „წმინდა წყლის სიცრუე“ უწოდა. ის ამბობს, რომ ოპოზიცია თავად მიმართავს ამ ხერხს, მას შემდეგ, რაც გამოკითხვით დასტურდება, რომ გიორგი შენგელიას 65% უჭერს მხარს. თუმცა გვასალიას არ დაუკონკრეტებია, ვინ ჩაატარა გამოკითხვა.

„ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, დამერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი მოყვა გუშინწინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რითაც დადგინდა, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს 65%. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ნაც. მოძრაობამ დაიწყო უკვე თავისებური ხრიკები. ეს ჩვეული ხერხი არის მათგან და მინდა გითხრათ, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. რაც შეეხება ჩაწერებს, ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც, დავუშვათ, ხობიდან, თავიანთ მომხრეებს უკეთებენ მობილიზებას, მაგალითად საკრებულოს წევრი ჯიშკარიანი. ადამიანს თუ უნდა ჩაწერა ზუგდიდში, უარს ხომ ვერ ვეტყვით. ჩაეწერონ, მისცენ ხმა, მაგრამ ეს ვერ უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ეს არის წმინდა წყლის აბსურდი. ერთი ადამიანი გამოიყვანონ და თქვან,რომ მას ჰქონდა ზეწოლა და ასე შემდეგ“, - აღნიშნა გვასალიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ.


Print