ახალი ამბები
"ემპათია" ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. როგორც ცენტრის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიამა რადიო „ათინათს“ უთხრა, მათ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მიმართეს, თუმცა საბოლოოდ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს.

„ვითხოვდით მათ იდენტიფიცირებას და მივმართეთ სუს-სა და პროკურატურას, მათ შსს-სი გადაგვამისამართეს, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვთ პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანების, რადგანაც ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში ტყვეობაში, უკანონო პატიმრობაში გარდაიცვალა, რაც არის ჩვენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ჩვენმა იურისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის შესახებ და დღეს ისევ მივმართავთ შსს-ს. ასევე, ვითხოვთ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პაიკები კი არა, მაღალი თანამდებობის პირები შეიყვანონ რუსეთის ფედერაციიდან, მათ შორის, ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელები“, - გვითხრა ჯიშკარიანმა.

მისივე ინფორმაციით, „ემპათიამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციას სოხუმის ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თხოვნითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე არ არის მზად არც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. ჯიშკარიანი განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნები მათ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელის შესატანად სჭირდებათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია 17 მარტს ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.

ამავე თემაზე:


ფრაზა ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ლექსიდან - სტენსილი ზუგდიდში
Print