ახალი ამბები
დარჩელში ია კერზაიას შვილი და "ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს დაუპირისპირდნენ და მისი გარდაცვლილი დედით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს. როგორც რადიო „ათინათს“ ბაჩანა შენგელიამ უთხრა, ის დარჩელში გარდაცვლილი დედის საქმესთან დაკავშირებით კანდიდატთან კითხვების დასასმელად იყო მისული, თუმცა, მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მას პროვოკაცია მოუწყეს.

„დარჩელში მართავდა მერობის კანდიდატი შეხვედრას, რადგან დარჩელი იას სოფელია, მერობის კანდიდატთან მქონდა რამდენიმე კითხვა, როგორც რიგით მოქალაქეს. კითხვები მქონდა, რატომ არ ახსენებს ის ამ სოფელში იას სახელს, უნდა გამოიძიონ თუ არა ეს საქმე და ა.შ. გაგვცეს პასუხები, არა ამომწურავად, თუმცა გაგვცეს. შემდეგ უკვე მათი მხრიდან იყო გარკვეული პროვოკაციები, რომ ამ ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. რამდენიმე მათი თანმხლები ადამიანისგან იყო უსიამოვნო რეპლიკები. აშკარად ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვუპასუხეთ. რა შეკითხვების დასმაც გვინდოდა, დასმული გვქონდა და დავტოვეთ იქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ სამი-ოთხი ადამიანი გამიზნულად ცდილობდა სიტუაციის დაძაბვას“, - თქვა შენგელიამ.

ზუგდიდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ შენგელიას კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მოსახლეობის გაღიზიანება მუდმივი კითხვა-პასუხის რეჟიმმა გამოიწვია.

„მოქალაქეების მხრიდან იყო რეპლიკები, რომ ამ საკითხის განხილვა არ უნდა ყოფილიყო ასეთ შეხვედრებზე და მათაც სურდათ კითხვების დასმა იმ საკითხებზე, რაც ეხება ინფრასტრუქტურას და განუხორციელებულ პროექტებს. შენგელიას საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა და მან მიიღო შესაბამისი პასუხები, თუმცა ისევ მოსახლეობა გაღიზიანდა, რადგან ეს კითხვა- პასუხის რეჟიმი გაგრძელდა“, - ამბობენ შტაბში.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას შვილი: საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს


Print