ახალი ამბები
გიორგი შენგელია ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი შენგელია ზუგდიდელ ახალგაზრდებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მან დამსწრეებს საკუთარი ხედვები გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა.  შენგელიას თქმით,  ახალგაზრდები მეტად უნდა იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტის მართვაში. მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ანაკლიის პორტის მშენებლობა, ადგილობრივებისთვის დასაქმების ერთ-ერთი წყარო იქნება. გარდა ამისა მისთვის პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება და ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა იქნება.

„შეკითხვები იყო იმ პრობლემატურ საკითხებთან, რისი მოგვარებაც სურთ. საუბარი იყო ძალიან პროდუქტიული. ბევრი შეკითხვა დაისვა სხვადასხვა მიმართულებით. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ  ქალაქში არ არის გასართობ-შემეცნებითი ცენტრები, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე რაც არის დაგეგმილი მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ჩართულობის ცენტრის სტაჟიორმა მარიამ სალიამ მერობის კანდიდატს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ონლაინ პლატფორმის შექმნაზე, სადაც მიიღებენ ინფორმაციას ახალგაზრდების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. რაზეც შენგელიამ უპასუხა, რომ თუ ეს ინფორმაციის უკეთ გავრცელებას ხელს შეუწყობს, ამ იდეაზე იფიქრებს.

მერობის კანდიდატთან შეხვედრა დემოკრატიული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ახალგაზრდები მომდევნო ეტაპზე ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს თენგიზ ჯგუშიას მოუსმენენ.




Print