ახალი ამბები
ფოთის მერია სატელევიზიო მომსახურებისთვის 17 ათასამდე ლარს დახარჯავს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია სასურველი ინფორმაციის ტელევიზიით გადასაცემად 16 950 ლარს დახარჯავს. ტენდერი საჯარო უწყებამ უკვე გამოაცხადა.

შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სატელევიზიო ეთერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, სატელევიზიო სოციალური რეკლამის ეთერში გაშვება, განცხადებების გამოქვეყნება და აუქციონების გამოცხადება, ასევე, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული,საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მორბენალი სტრიქონის სახით ეთერში გაშვება.

გარდა ამისა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტელევიზია გავრცელების არეალით მინიმუმ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს უნდა ფარავდეს.

აღნიშნული მომსახურება კომპანიამ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

ტენდერში წინადადებები 6-დან 8 მაისის ჩათვლით მიიღება.

Print