რეგიონი
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა ედება. საუბარია 30 აპრილს ხობში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ახალგარზდა ქალმა მშობლების სახლში თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ჯ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ბრალი ედება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა. ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მეუღლეზე - რ.შ-ზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა, მიმდინარე წლის 30 აპრილს, თვითმკვლელობა სცადა.

„პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. აღსანიშნავია, რომ ჯ.თ.-ს მეუღლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ჯ.თ.-ს მასთან მიახლოება აეკრძალა. გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით“, - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

დაზარალებული ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 




Print