ახალი ამბები
მინისტრი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე: ველოდებით გამოძიების დასრულებას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარე ელოდება გამოძიებას, რათა ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს ზუგდიდში განუცხადა. რადიო "ათინათის" კითხვაზე, რა ვითარებაა კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით, ციხელაშვილმა უპასუხა, რომ  ამ ეტაპზე პოლიტიკური და სამართლებრივი ძალისხმევა მიმართულია, რომ ყველა მასალა, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ქართულ მხარეს გადმოეცეს.

„ჩემი პოზიციაა ცალსახაა, რომ გამოძიება წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად და მასშტაბურად. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო დაკავების პერიოდში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე და ეს უკვე ფაქტორია. კომპლექსური ექპერტიზის დასკვნას ელოდება გამოძიება და ჩვენც, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ფაქტები გახდეს ადვილად დასადგენი. იყო ჩანიშნული ტექნიკური ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა და დაიგეგმა მსგავსი შეხვედრა, სადაც იყო საუბარი დამატებითი მასალების გაცვლის შესაძლებლობაზე. ქართული მხარისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ იმ ძალამ, ვინც დააკავა ირაკლი კვარაცხელია და ვინც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე, ყველა მასალა წარმოადგინოს, რაც იქნება გამოძიებისთვის არსებითი. აქეთაა მიმართული მთელი სამართლებრივი და პოლიტიკური ძალისხმევა. ველოდებით გამოძიებას, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა მინისტრმა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. როგორც ცენტრის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიამა რადიო „ათინათს“ უთხრა, მათ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მიმართეს, თუმცა საბოლოოდ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს.






Print