რეგიონი
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული და ცერემონია ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულის გამოვლენის პირველი ცერემონია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემიაზე წარდგენილი 7 ლაურიატი იყო. მათ შორის ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია. ღონისძიების ორგანიზატორებმა მშვიდობის კუთხით თითოეულის საქმიანობასა და წვლილზე ისაუბრეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი პრემია ორგანიზაცია „საუნჯეს“ მიერ წარდგენილ ლაურიატს, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს ნინო კალანდარიშვილს გადაეცა.

„გამიათმაგდა ენერგია, რომ გავაგრძელო მუშაობა მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ხშირად ამ საქმეს ჩუმად აკეთებ, არ ახმაურებ, შედეგს ვერ ასაჯაროებ, ხანდახან დაცინვისა და ირონიის ობიექტიც ხდები. ძალიან მიხარია, რომ ასეთ საზეიმო ვითარებაში ჩატარდა დღეს ეს ღონისძიება ყველაზე უფრო ევროპულ და მშვიდობიან ქალაქში“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ღონისძიებაზე ავსტრიელი ნობელის პრემიის ლაურიატი ქალის საქმიანობასა და ღვაწლზე მშვიდობის დარგში კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ასევე, საღამოზე სამშვიდობო მიმართულებით ზუგდიდის როლიც აღინიშნა. იდეის ავტორისა და ერთ-ერთი ორგანიზატორის სალომე ადამიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ქალაქიდან არის საუბარი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ, გავიაზროთ, რომ სწორედ ზუგდიდიდან ვსაუბრობთ სამშვიდობო პოლიტიკაზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. ამ ფუნქციას და ამ როლს ზუგდიდი წლების განმავლობაში უკვე ასრულებს. ის არის მოდერატორის როლის შემსრულებელი ამ პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებთან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს ჩვენი ხედვები იმ პრობლემების დასაძლევად, რაც ჩვენს წიანშე არსებობს“, - თქვა ადამიამ.

შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სტუმრებმა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ღონისძიება სწორედ ზუგდიდში იმართება, რადგან ზუგდიდი, ციხელაშვილის სიტყვებით, მშვიდობისმყოფელი გახდა ამ სფეროში.

„დღეს ამ ადგილიდან ყველაზე რელევანტურია ბერტა ფონ ზუტნერის სიტყვების გამეორება „ძირს იარაღი“, სადაც სულ რამდენიმე კილომეტრში გრძელდება ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, აკავებენ ადამინებს, ასობით ათას მოქალაქეს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ ეძლევა. ეს ტკივილი იგრძნობდა აქ, მაგრამ აქვეა იმედი, რადგან ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მშვიდობით გაერთიანებისთვის უნდა გადავდგათ, უნდა დაიწყოს აქედან. დღეს მე შევხვდი აქ ადამიანებს, რომლებიც აუცილებლად შეიტანენ წვლილს. ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ მახინჯი მავთულხლართები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ყოფს. ყველა სიმბოლო, რომელიც მშვიდობას დაიცავს და იტყვის ხმამაღლა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობაანდ და პრინციპულად დავამარცხოთ უსამართლობა, მხარდაჭერილია ჩვენგან. მიხარია, რომ ახალგაზრდები უდგას ამას სათავეში და მინდა უფრო მეტი გაერთიანდეს ამ იდეის გარშემო“, - განაცხადა მინისტრმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას სიტყვებით, მსგავსი ღონისძიების ზუგდიდში გამართვა მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.

„უაღრესად მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელი დღე შედგა სწორედ ზუგდიდში. სიმბოლური არის ისიც, რომ ბერტა ფონ ზუტნერი ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდში. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს და ჩვენი ტერიტორიაბეის რეინტეგრაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით“,- აღნიშნა მოწერელიამ.

ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატივით გაიმართა, მუსიკალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერულმა ორკესტრმა "ოპერის კამერატა" ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით გააფორმა.

ცერემონია ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ჩატარდა.
Print