ახალი ამბები
ლევან კობიაშვილი ზუგდიდის სტადიონზე: მსგავსი შეცდომები ქვეყნის იმიჯს აზიანებს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ზუგდიდში მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაცემულია. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, რას ფიქრობს, სტადიონის მშენებლობის დროს დაშვებულ ხარვეზებზე, კობიაშვილმა თქვა, რომ მსგავს საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

„იცით, რომ საკმაოდ კრიტიკული ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით. ვრჩები იმავე პოზიციაზე, არ უნდა ხდებოდეს ის, რაც იქ მოხდა. ეს არ არის საუკეთესო მაგალითი. ჩვენი რეკომენდაციები გაცემულია. მე, როგორც ვიცი, ხდება დაკორექტირება და შესაბამისად, ალბათ, გამოიყოფა შესაბამისი თანხები, რომელიც საბოლოო ჯამში დაასრულებს ამ პროექტს. ჩემი თხოვნა არის ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც მსგავს პროექტებს ახორციელებს, მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მსგავსი შეცდომები არამარტო რეგიონს, არამედ აზიანებს ქვეყნის იმიჯს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა. გასული წლის მარტში, როცა სტადიონს ფედერაციის პრეზიდენტი და ექსპერტები ეწვივნენ, მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა.

უფრო ადრე კი ფეხბურთის ფედერაციამ კედლის მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

Print