ახალი ამბები
მირანდა მესხი: გადადგომას არ ვაპირებ
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია და შესაბამისად, გადადგომას არ აპირებს. მესხმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე დალუქული ბეჭდების სარეგისტრაციო ჟურნალში შედარების პროცესი მიმდინარეობს.

„მე არ დამირღვევია კანონი, ამას ვაცხადებ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, სრული პასუხისმგებლობით. სამაგიდო სიები, რაზეც დაისვა კითხვის ნიშნები, დაბრუნდა სანდოობის გაზრდისთვის და გამჭვირვალობისთვის. მაშინვე გადაითვალეს სიები და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა დარღვევა. თემად ააგორეს და მორჩა. რაც შეეხება ბეჭდებს, ისინი იყო დალუქულ მდგომარეობაში და ბრუნდება დალუქულ მდგომარეობაში. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ არ არის არავითარი დარღვევა. ყველას შეუძლია დალუქვის პროცესს, გაცემის პროცესს დაესწროს. ოპოზიცია, რომელიც აქციას მართავს, არის მხარე და თუ დაადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, გამოძიება დაინტერესდება. მე ვიტვირთე ეს პასუხისმგებლობა და განვახორციელებ ბოლომდე“, - თქვა მესხმა.

ამ წუთებში საოლქოში დაბრუნებული დალუქული ბეჭდების შემოწმების პროცესი მიმდინარეობს. ენმ-ის წარმომადგენლის მაია გაწერელიას ინფორმაციით, ჯერჯერობით, დარღვევა არ გამოვლენილა.


გაერთიანებული ოპოზიცია მირანდა მესხს არჩევნების გაყალბების მცდლობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.

ამავე თემაზე:
კობა ნაყოფია: ჩვენ ვიმარჯვებთ ზუგდიდში არჩევნებს (ვიდეო)
Print