რეგიონი
მანანა არჩვაძე - გამსახურდიამ დადიანების ეზოში მომხდარი ინცინდენტის გამო დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა (ვიდეო)
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე - გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 126 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდში იმყოფება. დღესვე ის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მივიდა და მოსახლეობის ნაწილს შეხვდა. მან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გელა კვარაცხელია, რომელიც, მისი თქმით, იმის გამო დააკავეს, რომ „მან სანდრა რულოვსს და მის მეუღლეს ზვიად გამსახურდიას ლანძღვა და საქართველოს გაყიდვა არ აპატია“.

„როგორ, ზვიად გამსახურდია იყო ბანდფორმირებების ხელმძღვანელი?! ... ეს არის ზვიად გამსახურდია? გააძევეთ აქედან რულოვსი და დამთავრდეს ყველაფერი. თქვენ ბევრი შესაძლებლობები გაქვთ,  მაგრამ პრესას ნუ გამოიყენებთ პირადი ინტერესებისთვის, პრესა გამოიყენეთ საქართველოსთვის“, - მიმართა მან ჟურნალისტებს სანდრა რულოვსის ავტობიოგრაფიული წიგნის კომენტირებისას.

მანანა არჩვაძე - გამსახურდიამ განაცხადა, რომ არსად წავა, სანამ გელა კვარცხელიას არ გაათავისუფლებენ.

მასთან ერთად ზუგდიდის ბულვარში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი კახა მიქაია იმყოფებოდნენ.

Print