პოლიტიკა
უმრავლესობის შეფასებით, ენმ-ის ქმედებები ზუგდიდში დესტაბილიზაციის მცდელობაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ დესტაბილიზაციას ცდილობს. მან საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციის ღია პროვოკაცია უწოდა.

„გრძნობენ, რომ მარცხდებიან და ცდილობენ პროვოკაციებით დისკრედიტაცია მოახდინონ პროცესის. ცესკოზე მიტანილი იერიში საერთო დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილია, თუმცა საოლქომ მაღალი პასუხისმგებლობა აჩვენა. ენმ-ში სიმართლის გადაკეთების სპეციალისტები მრავლად ჰყავთ და ახლაც ცდილობენ გადააკეთონ სიმართლე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, თალაკვაძის თქმით, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე შესაბამისი უწყებები სწრაფად რეაგირებენ.

„ყველა მათ მიერ გასაჯაროებულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება. კანონი იქნება განუხრელად დაცული და თუ ვინმეს აქვს კონკრეტული მტკიცებულება, კანონით გათვალისწინებული წესით მიმართონ შესაბამის უწყებებს. ეს არის პოპულიზმი და პოლიტიკური სპეკულაცია. ხმაურობენ, დესტაბილიზაციისკენ დგამენ ნაბიჯებს, რაც რეალობისგან შორს არის. პოლიტიკური დებატებით არ წყდება, ვის მიმართ რა ზომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. ენმ-ს ექნება საკმარისი დრო, რომ ეს კანონები წაიკითხონ“, - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

დეპუტატი კოლეგებთან ერთად გიორგი შენგელიას კარდაკარ შეხვედრებში მონაწილეობდა. ისინი შენგელიას გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.


Print