ახალი ამბები
ქალთა მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ფაცაციას გარიცხავს ითხოვს
ქალთა მოძრაობა  მმართველ პარტიას მოუწოდებს, სექსისტური განცხადებების გამო, საკუთარი რიგებიდან გარიცხოს საკრებულოს წევრი თამაზ ფაცაცია. საუბარია ფაცაციას მიერ ოპოზიციური პარტიის წევრების თინათინ ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. ფაცაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბოკუჩავას მისამართით დღეს გამოქვეყნებული პოსტი უკვე წაშალა, ადრესატს და საზოგადოებას კი ბოდიში მოუხადა.

ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, იმაზე რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე ზეწოლა ხორციელდება.  

„შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს: მშვიდობიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დღემდე ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ადვილია. მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ. ოპონენტები ცდილობენ, რომ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“გამო“, - ნათქვამია განცახდებაში.

ქალთა მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს მერობის კანდიდატის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება. ასევე, თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს, გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისაგან.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სექსისტური და შეურაცხმყოფელი პოსტი წაშალა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავას და საზოგადოებას ბოდიშს უხდის


Print