რეგიონი
გრიგოლ ვაშაძე: ჩვენს წარმომადგენლებს აქვთ მიღებული ინსტრუქცია, რომ არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ფეიქ ნიუსებითა და სიყალბით აწარმოოს საარჩევნო კამპანია. მისივე თქმით, სიცრუეა ის, თითქოს, ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენლები არეულობის მოსაწყობად ჩამოჰყავს. ვაშაძე ამბობს, რომ მათ დამკვირვებლებსა და მოხალისეებს აქვთ მიღებული მკაცრი დირექტივა, რომ იმოქმედონ მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამის შესახებ მან ენმ-ს ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამაზე დიდი სიყალბე მით უმეტეს, იმ ძალისგან, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს იპარავს, სრულიად წარმოუდგენელია. 2013 წლიდან ყველა არჩევნებზე ადგილი აქვს პროვოკაციებს, პირად შეურაცხყოფას, დაშინებას, მოსყიდვას, ბიულეტენების ჩაყრას და საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის იგნორირებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნები და 2018 წელი, როდესაც რეკორდი დაამყარა ე.წ. „ქართულმა ოცნებამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით გაერთიანებულ ოპოზიციას ზუგდიდში უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი ჩამოჰყავს, არჩვენების გაყალბების თავიდან ასაცილებლად და ამომრჩეველთა ხმების დასაცავად.

„ჩამოგვყავს ოპოზიციური პარტიის 1400 წარმომადგენელი. ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ჩამოდის არასამთავრობო ორგანიზაციების 2000 - მდე წევრი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა. ჩამოგვყავს 1000 - მდე მოხალისე“,- თქვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა.



მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები მკაცრად დაიცავენ ინსტრუქციებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით, იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას.

ამავე თემაზე:

არჩილ თალაკვაძე: ენმ-ს მთავარ სამიზნედ ზუგდიდი აქვს არჩეული




Print