ახალი ამბები
"აფხაზეთობის" ზეიმზე, სავარაუდოდ, ზედმეტი საკვების მიღების გამო ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი მოზარდი მსუბუქი კვებითი ინტოქსიკაციით მოათავსეს. მოზარდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც, სავარაუდოდ, ზედმეტი დოზით მწვადი და ნაყინი მიირთვეს. რადიო „ათინათს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარანძემ თქვა, რომ ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე მტკიცებით, ფესტივალ „აფხაზეთობაზე", სადაც ყველა სტუმარს ნაყინით, გამაგრილებელი სასმელებით და მწვადით გაუმასპინძლდნენ, პროდუქტი არც ვადაგასული იყო და საკვებიც შესაბამისი სტანდარტების დაცვით იყო მოთავსებული. 

„როგორც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, მოხდა კვებითი ინტოქსიკაცია. რეალურად არ იყვნენ მოწამლულები. არ ყოფილან და არც პროდუქტი იყო ვადაგასული, როგორც ეს გაჟღერდა.  ერთმა მოზარდმა მიიღო თორმეტი ნაჭერი მწვადი, მეორემ შვიდი ნაყინი.  რა თქმა უნდა, გასართობ პროგრამებთან ერთად იყო გამაგრილებელი სასმელები, ნაყინი და მწვადები. ერთ-ერთი ბავშვის მშობელს ვესაუბრე, როგორც მითხრა, სახლში მისული გახდა ცუდად. დაეწყო გულისრევის შეგრძნება. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან და ისინი უკვე ეწერებიან“, - აღნიშნა მან.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ  სასწრაფომ 4 მოზარდი შეიყვანა, მსუბუქი კვებითი ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ინფორმაციით, ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე ეწერებიან.




Print