არჩევნები
გრიგოლ ვაშაძე: ოთხი ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ზუგდიდელები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, რისთვისაც მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„მოდიან საარჩევნო უბნებზე და მასიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს. ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი ე.წ. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაკუჭული ფული, რომელსაც ისინი მოყვანილ ხალხს უხდიან. სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებული არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ და ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში. უზარმაზარი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, ხალხს, რომლებმაც დღეს აღკვეთეს გაყალბების უამრავი მცდელობა მათ შორის, „კარუსელის“, მოსყიდვის ფაქტები“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ეფექტურად აკონტროლებს უბნებს.

„ეფექტურად ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად გააგრძელებენ ამ მუშაობას და გთხოვთ, ერთი წუთით არ შეანელოთ ის პროფესიული აქტივობა, რასაც დილიდან ეწევით. ასევე გააგრძელეთ ეს ხმების დაცვის პროცესში, იმიტომ რომ 4 ნაბიჯი გვრჩება გამარჯვებამდე. განსაკუთრებით მინდა ყველას ვუთხრა, არჩევნების გაყალბების მცდელობა ან გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას. აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი“,- აღნიშნა ვაშაძემ.


Print