ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, მას საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა სცემა
სენაკის საკრებულოს ფრაქცია „სენაკელების“ წარმომადგენლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის ბორის სოსელიას მტკიცებით, მას „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარმა ზაზა ნაჭყებიამ სცემა. როგორც სოსელია რადიო „ათინათთან“ ამბობს, კამათი ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა.

„საკრებულოს სხდომაზე მე ვთქვით, რომ ზუგდიდში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული არ იყო, როგორც თვითონ ამბობდნენ და ამას მოჰყვა კამათი. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. სხდომა რომ დაიხურა და გარეთ გასვლა მინდოდა, მოულოდნელად მოვიდა და დამარტყა. წნევიანი კაცი ვარ და ცუდად გავხდი, წნევამ ამიწია, საავამდყოფოში გადამიყვანეს“, - გვითხრა სოსელიამ.

თავად ზაზა ნაჭყებიას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ჩვენ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეს ბადრი კალანდარიშვილს ვესაუბრეთ, რომელმა თქვა, რომ მას უშუალოდ დარტყმის მომენტი არ უნახავს.

„სხდომის დაწყებამდე პოლიტიკაზე კამათოდბნენ, სოსელიამ სიტყვიერი შეურაცყოფაც მიაყენა, თუმცა დაწყნარება შევძელით და სხდომა ჩატარდა. ეს ფაქტი კი შემდეგ მოხდა, თუმცა არ მინახავს, ვინმემ დაარტყა თუ არა ხელი“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

სოსელია ამ წუთებში სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.


Print