რეგიონი
ფოცხოეწერში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული მორებით დატვირთული ტრანსპორტი ხრამში გადაიჩეხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, სატვირთოთი მძღოლს უკანონოდ მოპოვებული მორები გადაჰქონდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ავტომანქანა გააჩერეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ადგილზე გარემოს დაცვის ნსპექცია გამოიძახა, მძღოლმა სატვირთო დააგორა, თავად კი ადგილიდან მიიმალა.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება მომხდარზე 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ მძღოლის დასაკავებლად ოპერატირულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს 1989 წელს დაბადებული ე.ხ. სატვირთო ავტომობილს მართავდა, რომელიც დატვირთული იყო მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორებით. სამართალდამცველებმა შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და გამოიძახეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რა დროსაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ე.ხ.-მ დააგორა მორით დატვირთული ავტომანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან“, - აცხადებენ სამინისტროში.

Print