ახალი ამბები
ანაკლიის პორტის პროექტი შესაძლოა შეჩერდეს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ თუკი მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან და ამ ინფორმაციის კონსორციუმისგან დამალვასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

რადიო „ათინათი“ კონსორციუმის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა".

გუშინ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ეკონომიკის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

მანამდე ქალაქ ფოთის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, 2 მაისის # 77-04 ბრძანების თანახმად დამტკიცდა ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უფრო ადრე, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოთში ახალი პორტის და ტერმინალის მშენებლობაზე ისაუბრა.

ზუგდიდში კი, 11 მაისს, პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელება და მისი რეალიზაციაში შესვლა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს. მან ასევე თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.



Print