ახალი ამბები
მინისტრი: მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გააუქმა
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტრომ კომპანია „ეიფიემ ტერმინალსს“ ფოთში მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაუუქმა. მისი განცხადებით, ნებართვა ეხებოდა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობის უფლებას.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლბის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკუმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა კომენტარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი ნავსადგური ანაკლიაში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია

"ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ამავე თემაზე: 

ზუგდიდის არჩეული მერი: ანაკლიის პორტი დათქმულ ვადებში უნდა აშენდეს

ანაკლიის პორტის პროექტი შესაძლოა შეჩერდეს
Print