ახალი ამბები
ლევან ახვლედიანი: დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, სხვადასხვა ძალა, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფი, ანაკლიის პორტის მშენებლობას და პროექტის განხორციელებას ხელს მიზანმიმართულად უშლის. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული და შემდეგ გაუქმებული ნებართვის კომენტირებისას უთხრა.


„მე გამოვრიცხავ, რომ ამაზე მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს მიმართული, მაგრამ განვითარებული მოვლენები ის, რომ 2 მაისს გაცემული ნებართვა ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშიც, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს ცალსახაა“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

გარდა ამისა, ახვლედიანმა დასძინა, რომ ინვესტორებში ეჭვისა და ნდობის მომენტი დადგა, რადგან არ იციან, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება მომავალში.


„გუშინ გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, იყვნენ შოკირებულნი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამის შესახებ 21 მაისს გამართულ შეხვედრაზე არაფერი თქმულა. ეს ინვესტორების ნდობას აზიანებს როგორც მთავრობის, ისე პროცესის მიმართ. ახლა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნდობა აღადგინოს და კვლავ კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმში დავბრუნდეთ“, - თქვა ახვლედიანმა.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტრომ კომპანია „ეიფიემ ტერმინალსს“ ფოთში მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაუუქმა. მისი განცხადებით, ნებართვა ეხებოდა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობის უფლებას.

გუშინ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ეკონომიკის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

მანამდე ქალაქ ფოთის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.


Print