ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვა იგეგმება
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტი აღმართეს. ეპარქიის მდივანის მამა დიმიტრი ვეკუას თქმით, ფრესკის საბოლოო ვერსის პარამეტრები შესაძლოა გაიზარდოს, რომლის შემდეგაც შესრულდება ხატი. მამა დიმიტრი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ფრესკა ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნავ სიმბოლოდ იქცევა.

„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, აღიმართა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის მაკეტი, ზომით 4X2 ზე, ნიშნად იმისა, რომ ამ ქალაქში დავანებულია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და დიდი სიწმინდე - ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსელი. ხატი კეთილი ადამიანების დახმარებით მოზაიკაში შესრულდება და დარწმუნებული ვართ იგი ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ნიშად და ღირსშესანიშნავ სიმბოლოდ იქცევა უახლოეს მომავალში. უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმარს, მომლოცველსა თუ უბრალო ტურისტს, ქალაქში შემოსვლისთანავე დედა ღმრთისმშობლის ეს წმინდა ხატი მიეგებება, დალოცავს და პირველ წარმოდგენას შეუქმნის თუ სად, რა ისტორიულ და კულტურულ-ქრისტიანულ სივრცეს სტუმრობს ის. მაკეტის ესკიზი ბუნებრივია დროებითია... სპეციალისტები, ხატმწერები,არქიტექტორები, საზოგადოება, მომდევნო დღეებში დავაკვირდებით მას და ამის შემდეგ, კვალიფიციური დასკვნის საფუძველზე, მისი პარამეტრები და პროპორციები შესაძლოა გაიზარდოს, რომლის შემდეგაც შესრულდება ხატი და ვფიქრობთ, მთელი ზუგდიდის მოსახლეობა, შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დაცვით, მას ერთსულოვნად აღმართავს აღნიშნულ ადგილზე. ვინმესთვის მოულოდნელობა რომ არ იყოს,გეტყვით, რომ მსგავსი ტრადიცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. რელიგიური ტურიზმი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ღირსეულ სიტყვას ზუგდიდიდან ვეტყვით თანამედროვე სამყაროსა და ზუგდიდის ყველა სტუმარს“, -  თქვა მამა დიმიტრიმ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მაკეტის განთავსებას, ნებართვა არ სჭირდება, ხოლო ფრესკის დადგმაზე, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეპარქიასთან ერთად, იმსჯელებს.

Print