ახალი ამბები
„ჩვენ ცვლილებებისთვის“ - ორგანიზაცია „ილი“-ს პროექტის პრეზენტაცია (ვიდეო)
ზუგდიდში ორგანიზაცია „ილი“-ს მიერ ინიცირებული პროექტის „ჩვენ ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სალომე გარდავას თქმით, პროექტის მიზანია ორგანიზაციის შესახებ ცნობადობის გაზრდა რეგიონში და საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა პირები, მათ შორის, სმენადაქვეითებული ბავშვები მშობლები დაესწრნენ, გარდავამ ორგანიზაციის დაარსების შესახებ ისაუბრა და დაინტერესებულ პირებს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

"გაკვეთილების, რომლებიც თერაპიისთვისაა გამოყოფილი, მხოლოდ ნაწილი ფინანსდება და ერთი წლის მერე, ეს ბავშვები და მათი მშობლები, თითქოს, იკარგებიან. ამიტომაც გვსურს, ამ კუთხით რეგიონის გააქტიურება, ცნობიერების ამაღლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობლები უმეტესად ვერ აღიარებენ ამ პრობლემას", - აღნიშნა სალომე გარდავამ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან, საინფორმაციო კამპანია, კვლევის (ფოკუს-ჯგუფების) ჩატარება, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება, რადიო გადაცემის მომზადება, ვიდეო რგოლის გადაღება პროექტის შესახებ და სხვა.


შეხვედრაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ასოციაცია "ილის" ზუგდიდში არსებობა მნიშვნელოვანია, რათა სმენადქავეითებული ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებები გათვალისწინენული იყოს. ერთ-ერთმა მშობელმა ნანა ჩიტაიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამითაც უსახსრობის გამო სრულად ვერ ისარგებლა, რადგან სერვისი მხოლოდ თბილისში არსებობს.

მერიის დარბაზში გამართულ პრეზენტაციას სოციალური სამსახურის უფროსი ნინო სხულუხიაც დაესწრო. მან ასოციაციასთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.


„ჩვენ ცვლილებებისთვის“ ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).


Print