ახალი ამბები
IDFI: ორ წელში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მანქანით გავლილი მანძილი დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია
IDFI-მ საქართველოს რეგიონების გუბერნიების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მან, დაახლოებით, სამჯერ შემოუარა დედამიწას.

2017 წელს ყველაზე მეტი კილომეტრაჟი აღრიცხულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ავტომობილზე - 68 ათასი კილომეტრი. ის 2017 წელს ყოველდღიურად საშუალოდ 186 კილომეტრს გადიოდა, ხოლო 2018 წელს – 178 კილომეტრს.

გუბერნატორებს შორის ყველაზე ახალი 2016 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser Prado განპიროვნებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე, რომელიც ჩანაცვლების წესით შესყიდულია 2017 წელს. დღეის მდგომარეობით, მისი ნარჩენი ღირებულება შეადგენს 90,404 ლარს.

მიღებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს გუბერნატორების მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯი 534,015 ლარს შეადგენს, რაც 52,430 ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (481,585 ლარი). 2017-2018 წლებში ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მათ მიერ ორ წელში 25,660 ლიტრი საწვავია გახარჯული, საიდანაც 2017 წელს 14,356 ლიტრი ხოლო 2018 წელს – 11,304 ლიტრი გახარჯეს.

2017 წელსა და 2018 წლის 26 ივლისამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს ლევან შონია იკავებდა. მოგვიანებით, 2018 წლის 20 აგვისტოს ამ პოსტზე ალექსანდრე მოწერელია დანიშნეს. დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, გუბენრატორის მოვალებას პირველი მოადგილე კობა ქანთარია ასრულებდა.

"2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი", - აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გუბერნატორების მიერ ავტოპარკის განკარგვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხის განხილვის აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავტომანქანა.




Print