ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია: გუბერნატორი საწვავის ლიმიტის ნახევარს ხარჯავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ავტომობილით დაწესებული ლიმიტის ნახევარს ხარჯავს. როგორც გუბერნიაში ამბობენ, ყოველთვიურად გუბერნატორი 600-დან 800 ლიტრამდე საწვავს ხარჯავს.

„დადასტურებულად ვამბობთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ გადაჭარებებულა ლიმიტი, რაც აქვს დაწესებული. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 1500 ლიტრია ლიმიტი და გუბერნატორი 600-დან 800 ლიტრამდე. ადმინისტრაციასაც აქვს ლიმიტი და ამ ლიმიტის ფარგლებში ხდება უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯების გაღება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონი. გვაქვს მესტია, რომელიც 140 კმ-ის დაშორებითაა ზუგდიდიდან, ასევე, რწმუნებულს უწევს რეგიონის მასშტაბით მოძრაობა, უწევს თბილისში სიარული მთავრობის სხდომებზე, თუმცა ლიმიტი არ არის გადაჭარბებული“, - გვითხრეს სამხარეო ადმინისტრაციაში.

IDFI-მ გაავრცელა კვლევა, რომელშიც 2017-2018 წლებში გუბერნატორებისა და ადმინისტრაციების მიერ გავლილი მანძილისა და საწვავის ლიმიტების შესახებ ინფორმაციაა მოცემული. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მათ მიერ ორ წელში 25,660 ლიტრი საწვავია გახარჯული, საიდანაც 2017 წელს 14,356 ლიტრი ხოლო 2018 წელს – 11,304 ლიტრი გახარჯეს.

Print