რეგიონი
სუსლიაკების  ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში წარმომადგენლები გამოგზავნა
სუსლიაკების შვილების უკრაინაში დასაბრუნებლად თბილისში პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დელეგაცია  ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას და დაკავებული იულია სუსლიაკის გათავისუფლებას ითხოვს. თბილისში ასევე იმყოფება ბავშვების ბებია.

სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა გასცა. რის საფუძველზეც დაკავებული 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივეს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. ადვოკატის თქმით, დასკვნა მისი დაცვისქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებ და აღნიშნულ საქმეში ბრალი პროკურატურას მიუძღვის.

უკრაინელი ქალის საქართველოში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ზუგდიდში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ისინი ყვებოდნენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ათი ბავშვი უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. რის შემდეგაც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მოგვიანებით კი ისინი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დააკავეს. იულია სუსლიაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. მათივე ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ადვოკატი: სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივეს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა


Print