ახალი ამბები
ადვოკატი: სუსლიაკების ბავშვები რამდენიმე საათში იქნებიან უკრაინაში
იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, 10 უკრაინელი ბავშვი რამდენიმე საათში სამშობლოში ჩაფრინდებიან.  როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა,  ბავშვებს მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაცია წაიყვანს და მათ მინდობით ამღზრდელ პირებს და ბიოლოგიურ ბებიებს ჩააბარებენ. რაც შეეხება სუსლიაკის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოთხოვნას, თოდუა ამბობს, მისი უდანაშაულობა სასამართლო პროცესზე უნდა დაამტკიცდეს. ადვოკატმა ჩვენთან საუბარში ასევე თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებულად ზუგდიდში აინტერესებთ და სწორედ ამ ქალაქში დაიჯერეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

“ეს ინფორმაცია ძალიან აინტერესებთ ზუგდიდელებს და ძალიან დიდი მოკითხვა მათ. თქვენი რადიოს საშუალებით მინდა ყველას მიაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ ბავშვების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ისინი უახლოეს საათებში იქნებიან თავიანთ ქვეყანაში. ეს ინფორმაცია მინდა გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც სჯერა, რომ სუსლიაკი ბავშვებს ყიდის. ბებიები არიან ჩამოსული, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფომ გაუფორმა მეურვეობა, მზრუნველობა. ჩამოსულია უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, პედიატრები და ამ ჯგუფმა უნდა წაიყვანოს ეს ბავშვები. მოთხოვნა სუსლიაკის გათავისუფლების შესახებ ძალაში რჩება, თუმცა ეს ასე ადვილად არ კმაყოფილდება. სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ სუსლიაკი უდანაშაულოა  და პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს მოვითხოვთ", - ამბობს ზურაბ თოდუა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. ამავე ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც გაუჩინარდა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

სუსლიაკების  ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში წარმომადგენლები გამოგზავნა






Print