ახალი ამბები
დეპუტატების ნაწილმა თინა ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელი პოსტის ხსენებისას იცინა (ვიდეო)
საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ზუგდიდის მერის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს, კამათი და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, რომელთაც პირზე წებოვანი ლენტი ჰქონდათ აკრული და თავზე ტომარა წამოცმული, მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ამ პერფორმანსით ჩატარებულ არჩევნებს კი არ აპროტესტებდნენ, არამედ, ენმ-ს მმართველობის პერიოდს განასახიერებდენ. სწორედ, მაშინ უთხრა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ფაცაციას, რომ მას პასუხს არ გასცემს, რადგან მისი შეგნება იმ პოსტში ჩანს, რომელიც მან თინა ბოკუჩავაზე დაწერა. წითლიძის ამ რეპლიკამ კი „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის, ქალი დეპუტატის, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას სიცილი გამოიწვია.

„სირცხვილია, რომ ქალი უზის გვერდით ფაცაციას და იცინის ამ პოსტზე“, - თქვა წითლიძემ. რაზეც ჯიქიამ უპასუხა, რომ მისთვისაც შეურაცხმყოფელი იყო წითლიძის პოსტი, რომელიც მისი მისამართით ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა.

„მე არავის სექსუალურ ცხოვრებას არ შევხებივარ“, - აღნიშნა წითლიძემ.

„რა მნიშვნელობა აქვს, მე არ მაინტერესებს, ვის რა სექსუალური ცხოვრება აქვს, თინა ბოკუჩავა თინა ბოკუჩავაა და მე, მე ვარ“, - უპასუხა ჯიქიამ.

პოსტის ხსენებისას ღიმილი თავად თაზო ფაცაციამაც ვერ შეიკავა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას შესახებ შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი ზუგდიდის მერის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაწერა. მან პოსტი მოგვიანებით წაშალა და შემდეგ ბოდიშიც მოიხადა.
Print