ახალი ამბები
ფოთში ნაპოვნი გიგანტური კუ ზღვაში გაუშვეს
ფოთში ნაპოვნი გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) ზღვაში გაუშვეს. გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ივნისის თვის შავი ზღვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად.

„ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფი“ - ს ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა მადლობა გადაუხადა მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებს, დაბა ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ - ს ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და ბატონ ლაშა ხოჯავას, ქალაქ ფოთის მკვიდრს, რომელმაც გიგანტური კუ იპოვა და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე ადგილობრივმა ლაშა ხოჯავამ 23 მარტს გიგანტური, გადაშენების პირას მყოფი კუ (კარეტაკარეტა) იპოვა, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ფოთის სანაპირო ზოლში ხმელთაშუა ზღვიდან შემოვიდა.

კუ მკურნალობისთვის სასტუმრო „პარაგრაფში“ იყო მოთავსებული.

Print