ახალი ამბები
მწვანე ალტერნატივა: ნენსკრა ჰესი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ "ნენსკა ჰესის"  შესახებ დადებულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „შაბათის კურიერში“ გასაჯაროვებული ხელშეკრულების თანახმად, ნენსკრას პროექტის ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკებს წარმოშობს. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონტრაქტის სხვადასხვა მუხლი ეწინააღმდეგება იმ ინფორმაციას და განცხადებებს, რასაც ნენსკრას მენეჯმენტი და სახელმწიფო ჰესის შესახებ საჯაროდ ავრცელებენ.

„მწვანე ალტერნატივამ“ ხელშეკრულების გაანალიზების შემდეგ რამდენიმე რისკი გამოყო. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ნენსკრა საქართველოს ზამთრის დეფიციტის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს (43%-ს) შეავსებს. ელექტროენერგიის საერთო რაოდენობიდან, რომელსაც ის წლის განმავლობაში გამოიმუშავებს, ნენსკრა ჰესი საქართველოს ზამთრის დეფიციტის შესავსებად მხოლოდ 21%-ს გაიღებს.

„ნენსკრა ჰესის პროექტის დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მისია სახელმწიფოსთვის დენის არსებულ ფასებზე იაფად მიწოდებაა. კონტრაქტით კი, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ირკვევა, რომ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სინამდვილეში საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ფასებზე ორჯერ ძვირი იქნება (არსებული ფასი: 4,9 აშშ ცენტი. ნენსკრას ფასი: 13 წლის განმავლობაში საშუალოდ 10.6 აშშ ცენტი, მას შემდეგ -12.7 აშშ ცენტი).

გამოაშკარავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულებას იღებს, ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში ყოველთვის შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად - საშუალოდ 10.6 ცენტად (29.6 თეთრი), რომლის ნაწილსაც ის ექსპორტზე გაიტანს. ნენსკრასგან შესასყიდი ფასი კი დღევანდელ საექსპორტო ღირებულებას ბევრად აღემატება (3.2 აშშ ცენტი, ანუ 9 თეთრი). „ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მოცემულ სცენარს თუ მიჰყვა, სახელმწიფო ნენსკრას პროექტით წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარს (167 მილიონი ლარი) იზარალებს“, - აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.

ორგანიზაციის ანალიზში ასევე ვკითხულობთ: „ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ნენსკრა ჰესის ჰიდროლოგიურ რისკებსაც აზღვევს: თუ სხვადასხვა ჰიდროლოგიური მიზეზით, მაგალითად, არასაკმარისი წყლის გამო, ჰესმა საჭირო რაოდენობის ენერგია ვერ გამოიმუშავა, „ნენსკრა ჰიდროსთივს“ ამ ზიანის ანაზღაურებას თავის თავზე სახელმწიფო იღებს.
კონტრაქტით, სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, 1$-ად ნენსკრა ჰესს გადასცეს ტერიტორიები, რომელთა დიდი ნაწილი ჭუბერისა და ნაკრას თემების საგვარეულო ტყეებსა და სათემო საკუთრებას მოიცავს. მათი 700 ჰა-ზე მეტი უკვე ნენსკრასთვის გადაცემულია“.

„სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასაგებია, თუ რატომ იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული. ამ კაბალური პირობებით პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს მიადგება ასობით მილიონი ლარის ზარალი ყოველწლიურად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ელექტროენერგო უსაფრთხოება და გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას. საბოლოოდ კი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას“, - განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორმა დავით ჭიპაშვილმა.

მან რადიო „ათინათს“ ასევე უთხრა, რომ ხელშეკრულებით, რომელსაც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე და ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ნათია თურნავა აწერენ, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

„ამ პროექტის განხორციელება, უბრალოდ, არ შეიძლება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით დამღუპველია ქვეყნისთვის.ჩვენ პარლამენტში შესაბამის კომიტეტებს გავუგზავნით აღნიშნულ დოკუმენტებს და მზად ვართ, განხილვებში მივიღოთ მონაწილეობა“, - აღნიშნა ჭიპაშვილმა.

ხელშეკრულება 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს დაიდო. კონტრაქტს ხელს აწერენ: საქართველოს მთავრობა, სს „საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდი“ და სს „ნენსკრა ჰიდრო“.

ნენსკრა ჰესის აგება ზემო-სვანეთში იგეგმება და ის საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურია. "მწვანე ალტერნატივაში" მიიჩნევენ, რომ განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემას, საცხოვრებელ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის მკვიდრ მოსახლეობას. ორგანიზაცია, წლებია, აპროტესტებს აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედებას.

ნენსკრა ჰესის აგებას ეწინააღმდეგება სვანეთის მკვიდრი მოსახლეობაც. მათ სხვადასხვა დროს არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს როგორც სვანეთში, ისე თბილისში.

ჰესის წინააღმდეგ, სხვადასხვა თემაზე, „მწვანე ალერნატივის“, სხვა ორგანიზაციების და სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არაერთი სარჩელია შეტანილი პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებში (EBRD, EIB, ADB) და თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ამავე თემაზე:

ხაიშელი ზურაბ ნიჟარაძე ჰესების შესახებ სამეგრელოს მიმართავს: თუ ჩემს სახლს არ დაიცავთ, თქვენი სახლი დაიცავით

მთავრობა "ნენსკრა ჰესის“ ასაშენებელად მესტიაში მიწის ნაკვეთებს ერთ დოლარად ასხვისებს

“ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2025 წელს შევა

Print