ახალი ამბები
ადვოკატი არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს
არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული 36 წლის იულია სუსლიაკის პროცესი თბილისის საქალქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ადვოკატი, ზურაბ თოდუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოში ყოფნისას, არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა სამართალდამცავებისა და უცხო პირების მხრიდან. როგორც ადვოკატი აცხადებს, ისინი ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ იულია სუსლიაკი მათი დედა არ იყო და მათ გასაყიდად ამზადებდნენ. თოდუა ამბობს, ბავშვები, განსაკუთრებით, 11 წლის გოგონა ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.

ადვოკატი ასევე, პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. ამავე ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც გაუჩინარდა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ადვოკატი: სუსლიაკების ბავშვები რამდენიმე საათში იქნებიან უკრაინაში

სუსლიაკების  ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში წარმომადგენლები გამოგზავნა
Print