ახალი ამბები
ზვიად სიჭინავამ ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობის ნებართვისთვის მერიას მიმართა
ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატს ზვიად სიჭინავას „ბაიას“ ბაზაზე საცურაო კომლექსის მშენებლობა სურს. შესაბამისი განცხადება პროექტთან ერთად ზუგდიდის მერიაში 27 მაისს დარეგისტრირდა. როგორც ზვიად სიჭინავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რამდენიმე დღეში კომპლექსის სრული მაკეტი მზად იქნება.

„ეს იქნება ევრო სტანდარტების შესაბამისი, რომელსაც ექნება ოთხი გასაწმენდი სისტემა, იქნება დიდი აუზი - 1, 80-იანი, ასევე, ბავშვებისთვის სასწავლებელი, იქნება სპა, სარეაბილიტაციო საშუალებები, საუნა, ჯაკუზი და რაც მთავარია, შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ველოდები, რომ მომცემენ თანხმობას, თუმცა, მაკეტს ნებისმიერ შემთხვევაში წარვუდგენ საზოგადოებას“, - გვითხრა სიჭინავამ.

ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს, ზუგდიდში განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში მიმდინარე წლის თებერვალში გვითხრეს, რომ საცურაო აუზის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება

უფრო ადრე, 2018 წლის 30 მაისს კი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ზუგდიდელებს ხუბულავას ქუჩაზე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის აშენებას დაჰპირდა, თუმცა, პრემიერის განცხადების შემდეგ, ხუბუტიას ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ავტორალის მოწყობა შესთავაზა. საბოლოოდ, არცერთი პროექტი ამ ეტაპზე არ შედგა.


Print