ახალი ამბები
ბახტაძე: ვეხმარებით ანაკლიის კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით და ეხმარება კონსორციუმს მათი ვალდებულებების შესრულებაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის დროს განუცხადა.

„მქონდა შეხვედრა SSA MARINE-თან, რომელიც კონსორციუმშია წარმოდგენილი. ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი პროფილის, მასშტაბის ამერიკული კომპანიები უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში და კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს და უფრო მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და შევძლოთ სრულად ავითვისოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი“,- განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანს.

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ პორტი უფრო გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკასთან და აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.



Print